სომხეთ-ირანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუს მესაზღვრეებს სომეხი მესაზღვრეები ჩაანაცვლებენ

2025 წლის 1 იანვრიდან სომხეთ-ირანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუს მესაზღვრეებს სომეხი მესაზღვრეები ჩაანაცვლებენ,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაგდასარიანმა განაცხადა, რომ ასეთი შეთანხმება 8 ოქტომბერს, მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული. პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი მესაზღვრეები სომეხ მესაზღვრეებთან ერთად სომხეთ-ირანის საზღვარზე მსახურს განაგრძობენ.

“2025 წლის 1 იანვრიდან სომეხი მესაზღვრეები რუს მესაზღვრეებთან ერთად დაიცავენ საზღვარს თურქეთთან და ირანთან. სომხეთ-ირანის საზღვრის საგუშაგოზე კი საქმიანობას მთლიანად სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახური განახორციელებს”, – წერს ბაგდასარიანი სოციალურ გვერდზე.

მანამდე, 12 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სასაზღვრო ჯარმა რუს კოლეგებს შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა, რომ სომეხ მესაზღვრეებს გააჩნიათ საჭირო უნარები და ცოდნა ზვართნოცის აეროპორტში დამოუკიდებლად მსახურებისთვის.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები