ხორვატიის პრეზიდენტი წინააღმდეგია, მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინაში, ნატო-ს მისიაში მიიღონ მონაწილეობა
ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის განცხადებით, ის წინააღმდეგია, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინაში, ნატო-ს მისიაში მიიღონ მონაწილეობა.
მილანოვიჩი შიშობს, რომ ამის გამო კონფლიქტი, შესაძლოა, ხორვატიაზე გავრცელდეს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
მედიის მტკიცებით, ხორვატიის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დახმარების იმ პაკეტს, რომელიც ივლისში ნატო-ს სამიტზე დამტკიცდა. პაკეტი ითვალისწინებს ნატო-ს სპეციალური პროგრამის შექმნას, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარებას გაუწევს.
ხორვატიის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვბიჩმა. მან ეს განცხადება მანიპულაციად შეაფასა, და აღნიშნა, რომ ეს ხორვატიის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს.
პლენკოვიჩის განცხადებით, საქმე რამდენიმე ხორვატი ოფიცრის გერმანიაში ნატო-ს სარდლობის შტაბ-ბინაში გაგზავნას ეხება და არა კონფლიქტში ხორვატიის პირდაპირ მონაწილეობას.