პრემიერი: საქართველომ ერის საუკეთესო შვილები დაკარგა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აფხაზი ძმები ჩვენკენ შემოვატრიალოთ.
„21 წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, საქართველომ დაკარგა თავისი ერის საუკეთესო შვილები. ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე, პატივს მივაგებთ მათ უკვდავ ხსოვნას. დღეს, 21 წლის შემდეგაც, აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის გაუნელებელი ტკივილი და უპირველესი საზრუნავია. მშობლიურ ქვეყანაში დევნილად იქცა ასიათასობით ჩვენი თანამემამულე. ისტორიის ბედისწერამ მათ მძიმე ხვედრი არგუნა. ჩვენ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ მათ მძიმე ყოფა, შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საკუთარ სახლ-კარს დაუბრუნდნენ. ომმა ჩვენთან ერთად უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს აფხაზ ძმებს, აუნაზღურებელია მათი დანაკლისი. და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ ძმათა შორის სისხლის ღვრას. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი აფხაზი ძმები ჩვენკენ შემოვატრიალოთ. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოს და გულწრფელად ვთავაზობთ მათ, ყველა ჩვენი მიღწევისა და წარმატების თანაზიარი გახდნენ. მჯერა, ჩვენი ერთიანი მტკიცე ნება გახდება ჩვენ შორის მშვიდობისა და თანხმობის აღდგენის, ძმობის დაბრუნების მყარი საფუძველი. მჯერა, ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ყველა სირთულე და, გაუნელებელი ტკივილისა და მოუშუშებელი იარების მიუხედავად, ერთად ვაშენოთ მშვიდობიანი მომავალი, ერთად ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ, წარმატებულ საქართველოში“, – აღნიშნულია პრემიერის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები