სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის რეაბილიტაციის შესახებ დეტალები კომპანია “პომაგალსკისთან“ მორიგი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი
სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის რეაბილიტაციის შესახებ დეტალები ფრანგულ კომპანია “პომაგალსკისთან“ მორიგი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
თბილისის მერის თქმით, კომპანიასთან მთავარი მომლაპარაკებელი ფინანსთა სამინისტროა. დავით ნარმანიას განცხადებით, ძველი მარშრუტი მონახაზის დონეზეა და ტექნიკურ დეტალებზე საუბარი კომპანიასთან შემდეგ შეხვედრაზე შედგება.
“პომა ფრანგული კომპანიაა და ის საბაგირო გზების მშენებლობაში მსოფლიო სამეულშია. როდესაც ჭიათურის საბაგირო გზები განვიხილეთ, ისინი თბილისითაც დაინტერესდნენ და მე დავუდასტურე, რომ თბილისში საბაგირო გზების მშენებლობა მნიშვნელოვანია. ძველი მარშრუტი მონახაზის დონეზეა. შემდგომი ჩამოსვლისას საუბარი ტექნიკურ დეტალებზე იქნება და ჩვენც ჩავერთვებით ამ პროცესში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, “პომა” საბაგირო გზების მშენებლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული კომპანიაა, რომლის საინვესტიციო-საკონსულტაციო ოფისები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია განთავსებული.