დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებს დავალებები მისცა

დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებს დავალებები მისცა. თბილისის მერმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვედრის ბოლოს 8 პუნქტისგან შემდგარი დავალებების ნუსხა გააცნო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პაატა ჯაჭვლიანმა და სანდრო ჯაფარიძემ თბილისის მერს ათ დღეში უნდა წარუდგინონ მოსაზრებები ქალაქში სატრანსპორტო კუთხით არსებული პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებმა მერს უნდა წარუდგინონ თავიანთი წინადადებები და ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: დახაზულ მიწისზედა გადასასვლელებთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების შესახებ; ავტობუსების გაჩერებების მოდერნიზაციის შესახებ; ავტობუსების ბოლო გაჩერებების მოწყობის შესახებ; მეტროპოლიტენის მოძველებულ მოწყობილობებთან და არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით; ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების შესახებ. დავით ნარმანიამ, ასევე, მოითხოვა, წარმოადგინონ შესაბამისი გაანგარიშება ბაღის პედაგოგებსა და 70 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე პირებისათვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათის დაწესებასთან დაკავშირებით; ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებმა, გამგეობებთან ერთად, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აგრეთვე, უნდა შეისწავლონ ტრანპორტის კუთხით დაუფარავი უბნები და წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
თბილისის მერის დავალებითვე, გამომდინარე იქედან, რომ კომპანია “აუთდორს” ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების ვადა სექტემბრის ბოლოს უმთავრდება, წარმოდგენილი უნდა იქნას წინადადებები, რა სქემით მოხდება კომპანიის მომსახურების ჩანაცვლება. აღნიშნულ დავალებებზე ინფორმაცია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებმა ათი დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები