რასმუსენი: რუსეთი ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა
5 წლის განმავლობაში ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს ანდერს ფოგ რასმუსენისთვის რუსეთი ყველაზე დიდ იმედგაცრუებად იქცა. ამის შესახებ რასმუსენმა დღეს განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რასმუსენის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, ამიტომ ის ტოვებს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას. რასმუსენის განცხადებით, ის არ თვლის, რომ რუსეთი ნატოსთვის გარდაუვალი საფრთხეა, რადგან ალიანსის წევრებზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში „პასუხი იქნება მკაცრი და სწრაფი“.
რასმუსენის განცხადებით, რუსეთი უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ის ალიანს არა პარტნიორად, არამედ მოწინააღმდეგედ აღიქვამს. რუსეთის ქმედებებს რასმუსენი აფასებს, როგორც „მის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას“. გარდა ამისა, ნატოს უკვე ყოფილ გენერალურ მდივანს ეჭვი აქვს, რომ რუსეთს უახლოეს მეზობლებზე გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს. ეს მეზობლები – ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრები არიან. მაგალითისთვის, რასმუსენმა საქართველოს და მოლდავეთის „დაშინება“ მოიყვანა.