„რითი არსებობს ზოგიერთი თანამდებობის პირი, თუ ხელფასის 80%-ს კრედიტში იხდის?“

მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით „კვირას“ პრესკლუბში საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ ისაუბრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, გაუგებარია, როგორ ახერხებენ მინისტრები ცხოვრებას, თუ ყოველთვიურად ხელფასის თითქმის 80% საბანკო სესხებში იხდიან.
„როდესაც მინისტრებისა და მათი მოადგილეების სესხებთან დაკავშირებით კვლევებს გავეცანი, არაერთი კითხვა გამიჩნდა. თუ მინისტრები ხელფასის 50%- 60% თუ 80%-ს კრედიტებში იხდიან, სხვა, ყოველდღიურ საჭიროებებს რა შემოსავლით იკმაყოფილებენ, როცა მათი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხელფასის გარდა სხვა შემოცავალი არ გააჩნიათ? ამ შემთხვევაში ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია მათ სხვა შემოსავლებიც გააჩნდეთ “,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო კრედიტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციამ გაარკვია, რამდენიმე თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ბანკიდან დიდი ოდენობის სესხი გამოიტანა. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, რიგ შემთხვევაში სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა თანამდებობის პირების კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი აღემატება კიდეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები