საქართველო შეიარაღების ვაჭრობის შესახებ გაეროს შეთანხმებას შეუერთდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა გაეროს შეთანხმებას შეიარაღებით ვაჭრობის შესახებ ( the Armes trade treaty). საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია გაეროს შტაბ-ბინაში, გაეროს გენერალური ასაბლეის 69-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კონვენციას კიდევ ათი სახელმწიფო შეუერთდა.
“ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ხელისუფლების სახელით ხელი მოვაწერო “იარაღით ვაჭრობის შეთანხმებას”. მოხარული ვარ, რომ ჩემი ქვეყანა ოფიციალურად უერთდება შეთანხმებას, რომელიც ვიმედოვნებთ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ აქცევს. მიგვაჩნია, რომ ამ დოკუმენტის მიღება ისტორიული დიპლომატიური მიღწევაა. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების წარმატება იმ მრავალწლიანი ძალისხმევისა, რაც მიზნად ისახავს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების, იარაღით არალეგალური ვაჭრობის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას. საქართველომ კარგად იცის არაკონტროლირებადი იარაღის აკუმილაციის შედეგები. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებების პროცესში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს ეფექტური და სავალდებულო მექანიზმის მიღებას და “იარაღით ვაჭრობის შეთანხმებას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეიარაღებით ვაჭრობის შესახებ კონვენცია გაერომ 2013 წელს შეიმუშავდა. იგი ითვალისწინებს ცალკეულ ვალდებულებებს მსოფლიოში შეიარაღებით ვაჭრობის შესახებ და ახდენს კონფლიქტურ რეგიონებში უკანონო შეიარაღების მოხვედრის პრევენციას. შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს.