ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში გამოსვლას ეკონომიკის ექსპერტი დადებითად აფასებს

 

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი გაგნიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე “Invest in Georgia” სიტყვით გამოსვლისას სწორი აქცენტი გააკეთა, როდესაც დაასახელა საქართველოში ბიზნესისთვის მიმზიდველი ორი ფაქტორი – ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა.
გაგნიძის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ყველაზე ძლიერი ფაქტორია. ექსპერტმა აღნიშნა, რომ აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის მიზნით ინვესტორისთვის ყველაზე მიმზიდველი არის საქართველოზე გავლა, რადგან ეს უმოკლესი გზაა. მისივე თქმით, უახლოეს ისტორიაში საქართველოს ყველა ლიდერი ქვეყნის მდებარეობას უსვამს ხაზს, რაც სწორია. „ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურის გამოყენება იმისათვის, რომ გლობალურმა ინვესტორებმა განახორციელონ თავიანთი ამოცანები. საქართველოს მდებარეობა ყველაზე უფრო ძლიერი ფაქტორი გახლავთ. სხვა რამ, რაშიც ჩვენ კონკურენტულები ვართ, მიბმულია კულტურულ იდენტობასთან. ეს ინვესტორს ნაკლებად აინტერესებს. კონკურენტულები ვართ ხელოვნების სფეროში, მუსიკაში, ხატვაში, რაც ქვეყანაში მსხვილ ინვესტიციებს ვერ მოიყვანს. საქართველოს მდებარეობა არის უმოკლესი გზა ევროპიდან აზიაში და პირიქით. უახლოეს ისტორიაში ყველა ლიდერი ამაზე აკეთებდა აქცენტს. გლობალური ინვესტორისთვის ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა მიმზიდველია. წარმოიდგინეთ, თქვენ გინდათ ტვირთი მიიტანოთ აზიაში ევროპოდან, საქარველოზე გავლა არის ყველაზე მიმზიდველი. გლობალურ ფორუმზე უნდა იყოს საუბარი იმაზე, რასაც აქვს გლობალური მნიშვნელობა“, – განაცხადა გაგნიძემ.
მისივე თქმით, გლობალურ ინვესტორთან აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რაც გლობალურად მნიშვნელოვანია, რადგან მსხვილ კომპანიებს არ აინტერესებთ, თუ როგორია ბიზნესის სიმარტივე, რადგან ისინი საკუთარი ინტერესების დაცვას თავად შეძლებენ. თუმცა ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივითაც საკმაოდ კარგი პოზიციები აქვს. გიორგი გაგნიძემ გლობალური საინვესტიციო სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სიმპოზიუმზე რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლა ქვეყანაში ივესტიციების ზრდას ვერ განაპირობებს, თუმცა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დაინტერესება გაიზარდოს.
„ზოგადად, გლობალურ ინვესტორებს აინტერესებთ საქართველო და სიტყვით გამოსვლა ერთ პატარა მარცვალს დაამატებს მათ ინტერესს. ამის საფუძველზე, შესაძლებელია ვიღაც დაინტერესდეს. მათ თავი კიდევ ერთხელ უნდა გაახსენო და ყურადღება მიაქცევინო – კიდევ შეხედეთ და დაინტერესდით, ჩაატარეთ კვლევა, რისთვისაც ღია და გახსნილები ვართ. გვითხარით მინუსები და შევეცდებით გამოვასწოროთ“, – აღნიშნა გაგნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები