„აჭარაში მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება თურქეთიდან ინსპირირებულია“

აჭარის რეგიონში ქრისტიან და მუსულმან ქართველებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე „კვირას“ პრესკლუბში უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ ისაუბრა. ბლადაძის განცხადებით, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი თურქეთიდან კონტროლირებადი მესამე ძალის მიერ იყო ინსპირირებული.
„შენობაზე, რომელშიც მედრესე უნდა ყოფილიყო განთავსებული, ღორის თავის მიჭედების ფაქტთან ადგილობრივი მაცხოვრებლები კავშირში არ არიან. ეს პროცესები თურქეთიდან, მესამე ძალის მიერაა ინსპირირებული. აღნიშნული ქმედებით მესამე ძალა ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ საქართველოში მუსულმანები და ქრისტიანები დაპირისპირებულები არიან“, – აღნიშნა მერაბ ბლადაძემ „კვირას“ პრესკლუბში.
ბლადაძის განცხადებით, ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლებმა აჭარელ მუსულმანებს საკმაოდ კარგი წინადადება შესთავაზეს. კერძოდ, მუსულმანებს ლერმონტოვის ქუჩაზე არსებული შენობის სანაცვლოდ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოქმედ მედრესეს გადასცემენ. ლერმონტოვის ქუჩის საკომპენსაციოდ კი მათ მისცემენ უფლებას, რომ ქობულეთში არსებულ შენობას მესამე სართული დააშენონ. ბლადაძის ინფორმაციით, სამუფთო ამ წინადადების წინააღმდეგი წავიდა და ლერმონტოვის ქუჩაზე სწორედ ის შენობა მოითხოვა, სადაც ღორის ინციდენტი მოხდა და რომელიც მთლიანად ქრისტიანული უბანია. უფლებადამცველის განცხადებით, მუსულმანები ცდილობენ, არსებული სიტუაციის გამოყენებით ხელისუფლებისგან აზიზეის მეჩეთის აშენების ნებართვა მიიღონ. „მუსულმანები ცდილობენ, ეს მომენტი გამოიყენონ, რომ ხელისუფლებისგან ბათუმში აზიზეის მეჩეთის აშენების ნებართვა მიიღონ. აჭარაში პროთურქული ძალების იმდენად დიდი გავლენაა. ადგილობრივი მუსულმანები საკმაოდ აგრესიულები გახდნენ. თუ ადრე მეჩეთის ქართული ფულით აშენებას ითხოვდნენ, დღეს ამბობენ, რომ მშენებლობაში თურქული ფული უნდა ჩაიდოს. ეს კი ძალიან საშიში ტენდენციაა იმის ფონზე, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად აცხადებს, რომ ბათუმი თურქეთის ტერიტორიაა“, – განაცხადა მერაბ ბლადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები