„სტრიქონებს მიღმა ცხოვრობს პოეტი“…

ბავშვობიდან წერდა, მეოთხე კლასში იყო, პატარა პოემა დაწერა და  თორმეტფურცლიანი რვეული აავსო…. ლამაზი მოგონებებიც ყვარელს უკავშირდება.
ყვარლის მე-3 საშუალო სკოლა დაამთავრა. შემდეგ –  საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. არის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრი და ხუთი პოეტური კრებულის ავტორი. – ნინო უძილაურის პერსონა.

 –   ბავშვობა… ბებიაგანსაკუთრებული კვალი დატოვა…
– ყვარელში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე და ჩემი ცხოვრების ყველაზე წრფელი, ბავშვური წლები ამ ქალაქს უკავშირდება, უამრავი ბედნიერი წუთი, ბედნიერი ბავშვობა, ჩემი გამზრდელი ბებია და განებივრებული წლები მახსენდება, თუმცა მშობლები მკაცრად მზრდიდნენ, სწავლა პრიორიტეტი იყო, სიმართლის თქმა კი აუცილებლობა, რასაც ამ გადასახედიდან დადებითად ვაფასებ და მადლობელი ვარ ჩემი მშობლების ჩემი ასეთი აღზრდისთვის, მადლობა უფალს, ჩემი მშობლებისთვის.
„მომენატრა  ბავშვობა და
მომენატრა,  მაგრამ  რა,
დროს თავისით გაქცეულა,
დრო თავისით გამქრალა“…
ყვარლის მესამე სკოლა დაამთავრეთ... მაშინ უკვე წერდით ლექსებს…
– კი, ვწერდი, მეოთხე კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც პატარა პოემა დავწერე, მაშინდელი თორმეტფურცლიანი რვეული გადავავსე, სადაც ჩიტი და ნაკადული ვალაპარაკე ერთმანეთთან.
ოჯახში სამაგიდო წიგნი ვაჟა-ფშაველას შემოქმედება იყო და ალბათ ამან მოახდინა გავლენა. მერე როგორც ხდება ხოლმე, დედაჩემმა ყვარლის რედაქციაში წაიღო ეს ჩემი ნაწერი (ყველა დედას ხომ მისი შვილი განსაკუთრებულად ნიჭიერი ჰგონია), თუმცა, ჩემდა გასაკვირად,  ყვარლის მაშინდელ გაზეთში დაიბეჭდა და მეორე დღეს სკოლაში კლასელებთან მისულს უხერხულობის განცდა მქონდა, განსაკუთრებით მასწავლებლებთან, რადგან მამაჩემის სიტყვები ყურში მესმოდა: „ყველა ქართველი ლექსს წერს…ვაჟას მოდგმის ხარ და ილიას ნატერფალზე იზრდები, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს“.
იმ დღიდან ჩავიკეტე, თუ რამეს დავწერდი, არც ვინახავდი, უდიერად ვექცეოდი ჩემს ნაწერს, ჩემმა დამრიგებელმა მოგვიანებით ფურცელზე დაწერილი ლექსი გადმომცა, რომელიც ექსკურსიაზე დამიწერია ყაზბეგში, მეშვიდე კლასელი ვიყავი მაშინ.
სტუ დაამთავრეთ. მძიმე პერიოდი იყო მაშინ…  
– მე იმ 90-იანების თაობა ვარ, რომელიც დროში ჩაიკარგა. სტუდენტობის დროს დაწერილი ლექსები მერე აღვიდგინე, რომლებიც მოგვიანებით ჩემს კრებულში შევიტანე. ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი და ჩემი მეუღლე აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, 1988 წლიდან ათეული წელი პოლიტიკურად აქტიური მეუღლის გვერდით… მცირეწლოვანი შვილების დედამ ბევრი ტკივილი გამოვიარე და, ბუნებრივია, არც მუზების ფურცელზე გადასატანად მეცალა, მაგრამ მაშინდელი ბევრი ლექსი, რომელიც მერე უკვე სხვადასხვა რვეულზე მიწერილი ვნახე  და ბევრი მათგანიც ზეპირად მახსოვდა, კრებულებშია თავმოყრილი. აი, ერთ-ერთი ლექსი, რომელიც სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა, რომელიც კონსპექტების რვეულის ყდაზე იყო  მიწერილი.
„სამყაროს ერთი ამოსუნთქვა ვარ,
უკიდეგანო ფიქრთა ტრიალში.
ბედს მინდობილი ირონია ვარ
უზნეობასთან მუდამ ჭიდილში“…
 როდიდან დაიწყეთ ინტენსიური ბეჭდვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში?
– 1988-2012 წლები ჩემთვის მძიმე წლები იყო, პოლიტიკური ამინდი ჩემს ოჯახს არასდროს ჩაუვლიდა გვერდით, პირიქით, ეს ამინდი მძაფრად იგრძნობოდა. არასდროს მიფიქრია ჩემი ლექსების სამზეოზე გამოტანა, რადგან „ყველა ქართველი პოეტია, და ყველა ქართველი პოეტი, ორჯერ პოეტიო“, ამიტომ მე რამდენად ვაკმაყოფილებდი ამ სტანდარტს, ეს კომპეტენტური ადამიანისგან უნდა გამეგო და, ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით, 2017 წელს ჩემი ლექსები მოხვდა ბატონ რევაზ მიშველაძესთან და მისი რედაქტორობით გამოიცა ჩემი პოეტური კრებული – „მე, ფშავლის ქალი“.
პირველი ლექსები…
– სანამ ბატონ რეზოსთან მიიტანდნენ ჩემს ლექსებს, ჩემმა მეგობრებმა და შვილებმა ჩემი დაბადების დღის სიურპრიზად 2016 წელს გამოსცეს „ნინო უძილაურის ლექსების კრებული“ და ლექსებიც თავად მოიძიეს, უჩემოდ, რამაც უხერხულობის ემოციები გამიჩინა. პირველი ლექსი როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იყო პოემა – „ჩიტი და ნაკადული“, რომელიც რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა, ეს კი 14 წლის ნინო უძილაურის სტრიქონებია:
„დავიარები სიამაყით,
ჩემი მთა-ბარის სილამაზით დამშვენებული,
და მარადიულ ნეტარებას მივეცემი,
ჩემს მიწაზე,
ამ გრძნობებით დატყვევებული“!..

   შთაგონება?
– შთაგონება ნებისმიერი ემოციაა, რამაც შეიძლება მუზები მასტუმროს, ამიტომ ბევრი ლექსია, რომელიც თუ არ დავწერე, არსად მიდის, მაინც ჩემთან რჩება და სანამ არ დავწერ, ვერ ვთავისუფლდები, ზოგჯერ ისეა, თუ არ ჩავწერე, მიფრინავს და მერე  აღარ მახსოვს.
როდესაც ჩვენი უძვირფასესი მეგობარი, დიდი პოეტი, თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა, სიონში მის ცხედართან დავწერე ეს ლექსი, ჩემ გვერდით ბევრი გულდათუთქული პოეტი იდგა და ერთ-ერთმა მათგანმა ინტერნეტგაზეთის გვერდზე ატვირთა იქვე.

მიდის მგოსანი (თემურ ჩალაბაშვილს)

აღმართს აუყვა ჩვენი მგოსანი,
სინდის-ნამუსი ჰკიდია მხრებზე,
ფიქრებაშლილი, კალამფრთოსანი,
დამწუხრებული სამშობლოს ბედზე.

თავდახრილია მთვრალი ბახუსი,
ცრემლი ჩამოსდით ტაძარში ხატებს,
ასეთი ჩუმი, ასეთი უტყვი,
არასდროს ახსოვთ პოეტი კაცებს.

იწვის სანთლები და სინანული,
დამწუხრებულა სამარის კართან,
სევდამორეულ გრძნობის ფარდული,
ვერ იღიღინებს მდუმარე ქნართან.

მიდის პოეტი, მიდის უფალთან,
მზე ჭირისუფლობს სიონის თავზე,
ანგელოზები დგანან ღვთის კართან,
ელიან წმინდა სამოთხის კარზე.

აქ პოეზიის მძიმე მანტიამ,
ალბათ დაღალა დიდი მგოსანი…
მიდის, დაგვტოვებს სხივი ნათელი,
დაობლებული მზეკალმოსანი.

                                               30.12.2023

ერთი ლექსი
– როდესაც პირველად ფშავში ავედი, სოფელ უძილაურთაში, სადაც ჩემი ფესვებია, იქვე ამოვიძახე:
„მეც მაქვს უფლება, ვუმღერო არაგვს,
მეც მაქვს უფლება, დავტკბე ხედებით,
ფშავი მიყვება ძველთაძველ არაკს,
რომ აქ სახლობენ ჩემი ფესვები…
იდუმალია ირგვლივ ბუნება,
ლექსიც თანმდევი, ნაკარნახევი,
გრძნობებზე სიო მესალბუნება,
ფშავში არაგვი, ნაკალმახები“.
ავტვირთე სოციალურ ქსელში და ჩემმა ხევსურმა მეგობრებმა პირადში მომწერეს, არაგვი მარტო ფშავშის არაა, ხევსურეთსაც ეკუთვნისო და წავედით ხევსურეთს, ფაქტობრივად შეკვეთილი (ეს იუმორით) ლექსი უნდა დამეწერა, მაგრამ ნახევარი დღე ვფიქრობდი, როგორი ლექსი დამეწერა, რომ ხევსურები არ გემებრაზებინა (მტერს მაგათი გაბრაზება) და მიუხედავად ხევსურეთის თვალწარმტაცი ბუნების კიდევ ერთხელ ხილვისა,  მაინც დავწერე:

„ხევსურეთს ჩავყევ მზის სხივებს,
გზაგასაყარზე არაგვთან,
ვკრეფდი ყვავილებს – მთის მძივებს,
არც ტყე ბრაზობდა, არცა მთა…

მეც ვეზიარე ამ მხარის,
ძნელად გასავლელ ბილიკებს,
ლაღად გავყურებ ხევსურეთს,
არაგვიც ტრფობას მიპირებს.

მათრობს ბალახთა სურნელი,
მთა მხრებზე მზის სხივს მიირწევს,
მე სიყვარული მსურს შენი
და გულიც მთისკენ მიიწევს“.

– 5 პოეტური კრებულის ავტორი ხართ. წიგნიდან წიგნამდე, ბუნებრივია, იცვლება სათქმელი…  
– პოეტები ქმნიან შიშველი სულის წმინდა სონეტებს, რაც დროს და სივრცეს მიჰყვება.

„სტრიქონებს მიღმა ცხოვრობს პოეტი,
ლექსში ჩამალულ დროსა და ჟამში,
ცხოვრების ყველა მიეთმოეთი,
თავს იყრის სიტყვით ავსებულ ჯამში.

სტრიქონებს მიღმა ცხოვრობს პოეტი,
რითმა მუზათა გზასაყარია,
შიშველი სულის წმინდა სონეტი,
მხოლოდ და მხოლოდ მას აბარია“.

პოეტი… როგორი უნდა იყოს?
– ალბათ ასეთი, როგორც ლექსში ვამბობ:
„სულით ფაქიზი ხარ და იწვი, პოეტო,
სულში ჩამალული დარდით და ფიქრებით,
პოეტნიც ამიტომ, ამიტომ ვპოეტობთ,
ავენთოთ კელაპტრად, სანამ აქ ვიქნებით.
და მერე საწუთრო ჩვენს ლექსებს მოაბნევს,
ღიმილად, ფიქრებად და დასაფიქრებლად,
ამიტომ, პოეტო, უნდა იპოეტო,
უნდა გადმოდინდე ზღვა მარგალიტებად“.
–  სამსახური და პოეზია?
– თუ მუზა მესტუმრა, კარგი მასპინძელი ვარ, სადაც არ უნდა ვიყო, დღეს ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ მაშინვე ჩავიწერო ტელეფონში თუნდაც ის ერთი ფრაზა, რაც მოფრინდა და რამაც შეიძლება ღირებული ლექსი დამაწერინოს. ძირითადად, როცა მარტო ვარ, მაშინ ვწერ, თუმცა არც ხალხმრავლობა მაფერხებს, გააჩნია, მუზა როგორი სავსე და დახუნძლულია.
რას ცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ერთადერთი რამ მინდა, რომ ადამიანებს ერთმანეთი გულწრფელად უყვარდეთ, რომ სიკეთემ საბოლოოდ დაამარცხოს ბოროტება, რომელიც სიცოცხლეს ამძიმებს.
ოჯახი…  
– სიყვარულით გაჯერებული ოჯახი ყველაზე დიდი საყრდენია ადამიანის. მადლობა უფალს, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი სამი შვილისა და ჯერჯერობით, სამი შვილიშვილისთვის.
ჰობი…
– მოგზაურობა.
– სამომავლო გეგმები…
– წინასწარ ვერასოდეს ვგეგმავ, ყოველი გათენებულ დღეს თავად მოაქვს გეგმა, გზა და ხვალინდელი დღე:„მივყვები ბედის ნატერფალ ბილიკს“…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები