იენს სტოლტენბერგი: ჩინეთმა, რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს

ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და ამავდროულად, ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან.

„ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა BBC -სთან ინტერვიუში.

ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩინეთი რუსეთს ისეთ ტექნოლოგიებს უზიარებს, როგორიცაა მიკროელექტრონიკა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთისთვის რაკეტების, იარაღის შესაქმნელად, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

“რაღაც ეტაპზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ რაიმე სახის ეკონომიკური ფასი, თუ ჩინეთი არ შეცვლის თავის ქცევას”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ინფორმაციისთვის, პეკინს უკვე დაწესებული აქვს გარკვეული სანქციები რუსეთის მხარდაჭერისთვის – გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა შეზღუდვები, რომლის სამიზნე დაახლოებით 20 კომპანიაა.

ამასთან, ჩინეთი ირწმუნება, რომ რუსეთი მისგან ლეტალურ იარაღს არ ყიდულობს და რომ ის სიფრთხილით ახორციელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები