ობამამ გაეროში რუსეთისთვის სანქციების გაუქმების პირობებზე ისაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა რუსეთს სანქციები მოუხსნას, თუკი ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად შეიცვლის კურსს უკრაინასთან მიმართებაში.
„უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იძლევა შანსს გავიდეთ დიპლომატიის და მშვიდობის გზაზე. თუკი რუსეთი დაადგება ამ გზას, ჩვენ მზად ვართ ჩვენი სანქციები გავაუქმოთ“, – განაცხადა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ბარაკ ობამამ.
ობამამ ანიშნა, რომ ამ შემთხვევაში ვაშინგტონი მზად იქნება „საერთო გამოწვევების დარეგულირების“ საკითხებთან დაკავშირებით მოსკოვთან თანამშრომლობა აღადგინოს. მისი სიტყვებით, გასულ წლებში რუსეთი და აშშ რიგი პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად თანამშრომლობდნენ და „თუკი რუსეთი თავის კურსს შეიცვლის, მაშინ აშშ ისევ მზადაა განავითაროს ეს თანამშრომლობა“.
„ეს მარტივი ჭეშმარიტებებია, მაგრამ ეს ჭეშმარიტებები უნდა დავიცვათ. ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები უკრაინელ ხალხს დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარებაში მხარს დაუჭერს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენ მოკავშირეებს ნატოში და მხარს დავუჭერთ თავდადებას კოლექტიური თავდაცვისადმი. ჩვენ ვაიძულებთ რუსეთს აგრესიის საფასური გადაიხადოს და სიცრუეს სიმართლეს დავუპირისპირებთ. ჩვენ მოვუწოდებთ დანარჩენებსაც ისტორიის სწორი მხარეს შემოგვიერთდნენ. იარაღის მუქარით პატარა მიზნები შეიძლება მიღწეულ იქნეს მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი უკან იქნება მოტოვებული, თუკი ხმათა საკმარისი რაოდენობა ერის და ადამიანების თავისუფლებას მხარს დაუჭერს , რომ მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ“, – განაცხადა ობამამ.
მანამდე, 18 სექტემბერს, რუსეთისათვის სანქციების მოხსნის პირობებზე საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ თავის ტვიტერზე დაწერა: „რუსეთის უკანონო შეჭრა ( უკრაინაში) გახდა ამერიკის და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების მიზეზი. (რუსეთმა) მეტი უნდა გააკეთოს: გაიყვანოს თავისი მეომრები ( უკრაინიდან), გაიტანოს იარაღი, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა“.