კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით“ – გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის – „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით“ – გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 260 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 30-მდე პროფესიული თეატრის პოპულარიზაციის, ფუნქციონირებისა და შემოქმედებითი პროცესის განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსში შემოსული 16 განაცხადიდან დაფინანსდა 13 პროექტი.
კონკურსში შემდეგმა პროექტებმა გაიმარჯვა:
1. ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“ – დაფინანსდა ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩას“ მიხედვით ერთობლივი სპექტაკლის დადგმა ოზურგეთისა და აზერბაიჯანის ქ. განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრების მიერ. სპექტაკლის ჩვენება თავდაპირველად გაიმართება ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანში, ქ. განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; დამდგმელი რეჟისორი – ვასილ ჩიგოგიძე (განმახორციელებელი – სსიპ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
2. სპექტაკლი „ხალდე“ – დაფინანსდა დმანისის თეატრის გასტროლი ლენტეხში სპექტაკლით „ხალდე“; დამდგმელი რეჟისორი – გიორგი სიხარულიძე (განმახორციელებელი – სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი);
3. უილიამ შექსპირის „ტიმონ ათენელი“ – დაფინანსდა უილიამ შექსპირის პიესის „ტიმონ ათენელის“ დადგმა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პიესა აქამდე საქართველოში არ დადგმულა; დამდგმელი რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი (განმახორციელებელი – სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი);
4. „გუშინდელნი“ – დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა შალვა დადიანის პიესის „გუშინდელნი“ მიხედვით; რეჟისორი – გიორგი კაშია (განმახორციელებელი – სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი);
5. „ივანე მაჩაბელი – 170“ – დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა ივანე მაჩაბლის საიუბილეო 170-ე წლისთავთან დაკავშირებით, ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის პიესების კოლაჟის „სისხლიანი ქრონიკები“ მიხედვით; დამდგმელი რეჟისორი – გოჩა კაპანაძე (განმახორციელებელი – სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
6. გორის თეატრის დღეები აჭარაში – დაფინანსდა გორის თეატრის გასტროლი აჭარაში, სპექტაკლებით: „მე მოვალ – სიზმარი“, რომლის დამდგმელი რეჟისორია ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“; დამდგმელი რეჟისორი გიორგი თენაძე (განმახორციელებელი – სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
7. ჭიათურის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი ოზურგეთში, სენაკსა და თბილისში სპექტაკლებით „დარისპანის გასაჭირი“, რეჟისორი – გოჩა კაპანაძე, „უბრალო ამბავი“, რეჟისორი – დავით ნიკოლაძე, „ბოშები“, რეჟისორი – კობა სხილაძე (განმახორციელებელი – სსიპ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
8. „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ – რაფიელ ერისთავის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა (ქართულ ენაზე); დამდგმელი რეჟისორი – თურგაი ველიზადე (განმახორციელებელი – სსიპ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
9. „ბუტია“ – დაფინანსდა რეჟისორისა და მხატვრის ვახტანგ ქორიძის წარმოდგენის „ბუტია“ დადგმა (განმახორციელებელი – სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი);
10. ნედიალკო იორდანოვის „გონზაგოს მკვლელობა“ – დაფინანსდა სპექტაკლის „გონზაგოს მკვლელობა“ დადგმა; რეჟისორი – მოლდოვას სახალხო არტისტი, „ეჟენ იონესკოს“ ნაციონალური თეატრის დამაარსებელი, პეტრუ ვუტკარაუ (განმახორციელებელი – სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
11. ფოთის თეატრის გასტროლი საქართველოს სამი ქალაქის კულტურის ცენტრებსა და სახალხო თეატრებში – დაფინანსდა საგასტროლო ტურნე მესტიაში, გურჯაანსა და სიღნაღში სპექტაკლებით: „ქარიშხალი“, „ყვარყვარე“ – რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი, „ჯაყოს ხიზნები“ – რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე და „გაუმარჯოს ბუშონს“ – რეჟისორი ირაკლი გურგენიძე (განმახორციელებელი – სსიპ ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი);
12. სპექტაკლი „სიყვარული თელებქვეშ“ – დაფინანსდა ამერიკელი დრამატურგის, იუჯინ ო’ნილის, პიესის „სიყვარული თელებქვეშ“ მიხედვით სპექტაკლის დადგმა; რეჟისორი – გიორგი ჩალაძე (განმახორციელებელი – სსიპ კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
13. შარლ პეროს „კონკია“ – დაფინანსდა საახალწლო სპექტაკლ „კონკიას“ დადგმა სენაკის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში; დამდგმელი რეჟისორი – ვახტანგ ნიკოლავა (განმახორციელებელი – სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი).
ინფორმაციისთვის: 2023 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი იყო 260 000 ლარი და დაფინანსდა შვიდი პროექტი. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 250 000 ლარს და მის ფარგლებში დაფინანსდა 11 პროექტი, ხოლო 2021 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი იყო 150 000 ლარი და დაფინანსდა ცხრა პროექტი.