პაპუაშვილი – ევროკომისიის ანგარიშზე: წარმოდგენილი ანგარიშით ბრიუსელი საქართველოს ეთნიკური ეპითეტის გამოყენებით აბრალებს სიცრუეს, რომ ეწევა „რუსულ დეზინფორმაციას“ და დუმს სიმართლეზე საპარლამენტო არჩევნებში მისი ელჩების ჩარევის შესახებ

“წარმოდგენილი ანგარიშით ბრიუსელი საქართველოს ეთნიკური ეპითეტის გამოყენებით აბრალებს სიცრუეს, რომ ეწევა „რუსულ დეზინფორმაციას“, ხოლო დუმს სიმართლეზე საპარლამენტო არჩევნებში მისი ელჩების ჩარევის შესახებ, ენჯეოებისა და დეზინფორმატორი მედიების პოლიტიკური დღის წესრიგით დაფინანსების შესახებ, ევროკავშირის ფულით ზიზღის და სიძულვილის ენის წახალისებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

კერძოდ, ის გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც, მათ შორის, საქართველოზეა საუბარი.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მმართველი გუნდი აპირებს უსამართლობის მხილებას, სიმართლით ბრძოლას, ჭეშმარიტების ჩვენებას და სამართლიანი დამოკიდებულების მიღებას.

“ცრუობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომელსაც მოქმედი ოპოზიციონერების მიმართ ანგარიშსწორების ინსტრუმენტად მოიხსენიებს და არ ამბობს სიმართლეს კომისიის მიზნების შესახებ, რითაც კიდევ ერთხელ დგება სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარეს და ამით დასცინის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს.

ცრუობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ, როდესაც დასავლური ანალოგებიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნ დოკუმენტს ფუნდამენტური უფლებების დარღვევად წარმოაჩენს და არაფერს ამბობს სიმართლეზე, რომ ევროკავშირის ფული რადიკალიზმის და დეზინფორმაციის დასაფინანსებლად გამოიყენება. არაფერს ამბობს იმიტომ, რომ საკუთარ სქემებზე მოუწევს საუბარი.

დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს. ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად შეიქმნა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად, ჩვენ ხელში შეგვრჩა იდეოლოგიზებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს გააჩუმოს კრიტიკოსები და გააუქმოს ოპონენტები, თანაც ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს.

საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა განსაკუთრებით გამოჩნდა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აშკარად იყო, და არის, მოლდოვასა და უკრაინაზე წინ, ევროკავშირთან ინტეგრაციის ყველა ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით. ხელის გულზე დევს, რომ ამ უსამართლობის მიზანი საქართველოში არეულობის გამოწვევა იყო”, – განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები