“პოსტსაბჭოთა ზოგიერთი ევროპოლიტიკოსი საკუთარ ვიწრო გეოპოლიტიკურ ნარატივებს პედალირებს, რათა აიძულოს საქართველო, რუსეთთნ უფრო ღრმა კონფლიქტში შევიდეს, საკუთარი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფასად” – პაპუაშვილი
“პოსტსაბჭოთა ზოგიერთი ევროპოლიტიკოსი საკუთარ ვიწრო გეოპოლიტიკურ ნარატივებსა და ინტერესებს პედალირებს, რათა აიძულოს საქართველო, რუსეთთნ უფრო ღრმა კონფლიქტში შევიდეს, საკუთარი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფასად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ეს ყველაფერი კეთდება იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ძვირფასი ევროპული იდეალი უნდა იყოს მშვიდობა და კონფლიქტის გადაჭრა და არა ომისა და კონფლიქტის დათესვა და გაღვივება.
“ღირებულებებში უკუსვლა აშკარაა იმაშიც, რასაც ბრიუსელი აკეთებს საქართველოში, როდესაც მხარს უჭერს ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ სიძულვილის ენას შერიგების ნაცვლად; პოლარიზაციას კონსენსუსის ნაცვლად; ძალადობას დიალოგის ნაცვლად:
• ამ ნაბიჯებს შორისაა ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნების უარყოფა, თანაც ნულოვანი მტკიცებულებით და არჩევნებზე დაკვირვების ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, ეუთო/ოდირის ანგარიშების ფეხქვეშ გათელვით, რამაც 2020 წლიდან სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა.
• ასეთი მიუღებელი ნაბიჯია ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, თითქოსდა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, მაგრამ, რეალურად რადიკალური, ძალადობრივი ოპოზიციის მხარდაჭერის მიზნით, რომლის დიდი ნაწილიც წარმოიშვა სააკაშვილის რეპრესიული, დიქტატორული რეჟიმიდან
• ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე მეტყველებს ის მხარდაჭერა, რომელსაც ის უწევს ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს.
ახლა ბრიუსელი ცდილობს ითამაშოს ღირებულებებზე აპელირებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობასა და ხალხს აქვს ნამდვილი პასუხი მათ მოთხოვნებზე, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას: ეს არის ქართული და ევროპული ღირებულებები – ტოლერანტობა, კანონის უზენაესობა, მშვიდობის პატივისცემა და განვითარება.
სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბრიუსელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების მიზანია, ხალხმა ხელი ჩაიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რათა უნგრეთის, სლოვაკეთისა და ახლა უკვე ჩეხეთის მსგავსად, არ მიიღონ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ბრმად არ დაემორჩილება ბრიუსელის მითითებებსა და ინსტრუქციებს.
უსამართლო მოქცევის, წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების წინაშე ხელი ჩაგვექნია თუ არა, ეს არჩევანი არამხოლოდ დღეს, არამედ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე გვქონდა.
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს, არამედ იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიც ევროპული ღირებულებების დაბრუნებაა.
ჩვენ ვხედავთ ნამდვილ გამოღვიძებას ევროპაში, როდესაც ქვეყნები, ერთმანეთის მიყოლებით, ირჩევენ მთავრობებს და სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირს ნამდვილი ღირებულებების სისტემაში აბრუნებს, უარყოფს ბრიუსელის უსამართლო და არასათანადო ჩარევას შიდა საქმეებში, ეროვნულ ღირებულებებში, ხალხის ნებაში, ნამდვილ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში.
ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ერწყმის საქართველოს მომავალი ტრაექტორია ევროკავშირის სათანადო ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარების გზას.
ჩვენ ვაპირებთ უსამართლობის მხილებას, სიმართლით ბრძოლას, ჭეშმარიტების ჩვენებას და სამართლიანი დამოკიდებულების მიღებას. ვაპირებთ ბოლომდე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.