ბრაზილიამ რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტი დაიწყო
სამმა ბრაზილიურმა კომპანიამ რუსეთში რძის ნაწარმის ექსპორტისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი მიიღო. ერთ-ერთმა კომპანიამ კი პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდება უკვე დაიწყო. ამის შესახებ ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო საქმეების მდივანმა მარსელუ ჟუნკეირამ განაცხადა. ჟუნკეირამ აღნიშნა, რომ 2 თვის წინ ფრაზა „რძის ნაწარმის ექსპორტი“, საერთოდ, არ არსებობდა ბრაზილიურ-რუსული საქონლის ბრუნვის დოკუმენტებში. ჩინოვნიკის განცხადებით, ბრაზილიური კომპანიების საერთო რაოდენობამ, რომლებმაც ხორცის და სხვა პროდუქტების რუსეთის ბაზარზე მიწოდების უფლება მიიღეს, 130-ს გადააჭარბა, მას შემდეგ, რაც აგვისტოში სიას კიდევ 89 კომპანია დაემატა.
„ბრაზილია სანიტარული კონტროლის მაღალი დონითაა ცნობილი, ჩვენ ხორცი 100-ზე მეტ ქვეყანაში შეგვაქვს, ბრაზილიური ფრინველის ხორცს 155 ქვეყანაში ყიდულობენ, ასე რომ, ბუნებრივია, მსხვილმა იმპორტიორმა ჩვენ მოგვმართა“, – აღნიშნა მარსელუ ჟუნკეირამ.