პაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაცია ქართული პასპორტისადმი ინტერესს გაზრდის
ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაცია ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაში ქართული პასპორტისადმი ინტერესს მნიშვნელოვანად გაზრდის, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი დამოკიდებულების ფონი, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაში ხელს შეუწყობს, მეტად ენდონ ქართულ სიკეთეებს და ქართულ სერვისს.
“არის ინტერესი საქართველოს დოკუმენტების მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მეტი ინტეგრაციისა და ვიზა-ლიბერალიზაციის ფონზე. გაიზარდა ინტერესი ქართული პასპორტის მიმართ, რომელიც მომავალში შეიძლება ევროპული პასპორტი გახდეს. როგორც კი ჩვენ ვიზა ლიბარალიზაციას მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, ქართული პასპორტისადმი მოთხოვნა ერთი-ორად გაიზრდება. ეს არ იქნება აბსოლუტური, მაგრამ იქნება ისეთივე ტენდენცია, რაც იყო კვიპროსზე – კვიპროსი შედიოდა რა ევროკავშირში, კვიპროსის თურქულ მოსახლეობაში კვიპროსის პასპორტების მიმართ აფეთქებაც კი იყო”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.