გიორგი ვოლსკი საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას მიესალმება
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას მიესალმება. ამის შესახებ მან “ფორინ პოლისის” სტატიაზე კომენტირებისას განაცხადა.
“მე მაღალ შეფასებას ვაძლევ ჩვენი და ამერიკელების ურთიერთობას, მათ შორის, ანტიტერორისტულ ოპერაციებში და მათში, რომელშიც საქართველო უკვე მონაწილეობს. თუ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, კარგი იქნება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკულმა გამოცემა „FOREIGN POLICY“-მა აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველომ აშშ-ს სირიელი აჯანყებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. გეგეშიძის თქმით, ანტიტერორისტულ საწვრთნელ ცენტრში მომზადებას სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც შეძლებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა განცხადება.
“საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში. საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზები ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას. მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.