ირაკლი ქადაგიშვილი – აშშ-ზე: როგორც სუვერენული სახელმწიფო, ღია ვართ – ჩვენი პრინციპები, დამოკიდებულებები არ შეცვლილა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ იყვნენ ჩვენთან დიალოგის და არავითარ შემთხვევაში კონფრონტაციულ რეჟიმში

ჩვენ, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აბსოლუტურად ღია ვართ. ჩვენი პრინციპები, დამოკიდებულებები არ შეცვლილა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ იყვნენ ჩვენთან დიალოგის და არავითარ შემთხვევაში კონფრონტაციულ რეჟიმში, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში“ აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონს არ გაიწვევენ და პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი დაძლევს.

„ჩვენ მთელ დასავლეთს შევთავაზეთ, რომ გამოვიყენოთ ვეტო საქმიანი დისკუსიისთვის კანონთან დაკავშირებული არგუმენტების შემოსატანად. თუმცა, ეს უგულებელყოფილი იყო. ამიტომ, ვეტო დაიძლევა. თუ მათ სხვა ახალი მექანიზმი დასჭირდებათ, რომ კანონთან დაკავშირებით საქართველოსთან შემოვიდნენ სხვა დიალოგში, ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, უცნობია, თუ რა შეიძლება იყოს ეს მექანიზმი.

„ეს მექანიზმი შეიძლება იყოს კონკრეტული დიალოგის დაწყება. როგორი იქნება, ეს მათი გადასაწყვეტია. თავის დროზე ჩვენ ეს მექანიზმი შევთავაზეთ ვეტოს ფარგლებში კომპრომისისა და დიალოგის გახსნის ეს საშუალება. მათ ეს დახურეს, როგორც ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ასევე ვენეციის კომისიის ყოვლად უარგუმენტო პოლიტიკური განცხადებით. როგორ გახსნიან ამ დიალოგს, მათ საამისოდ ბევრი ხერხისა და გზის გამოყენება შეუძლიათ“, – დასძინა ქადაგიშვილმა.

მისივე განმარტებით, ის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების არამართლზომიერი მართვა მიუღებელია, ამ ურთიერთობების გადახედვის საფუძველი აღმოჩნდა.

„ის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების არამართლზომიერი მართვა მიუღებელია, ამ ურთიერთობების გადახედვის საფუძველი აღმოჩნდა. ჩვენ, როგორც სუვერენული სახელმწიფო აბსოლუტურად ღია ვართ ჩვენი პრინციპები, დამოკიდებულებები არ შეცვლილა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ იყვნენ ჩვენთან დიალოგის და არავითარ შემთხვევაში კონფრონტაციულ რეჟიმში, რადგან ეს არის კონტრპროდუქტიული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები