დუგინი: სომხეთი ან ევრაზიული იქნება, ან საერთოდ არ იქნება

სომხეთი ან ევრაზიული იქნება, ან საერთოდ არ იქნება. ამის შესახებ პოლიტოლოგმა და სოციოლოგმა ანდრეი დუგინმა გამოცემა „პირველ სომხურ საინფორმაციოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. პოლიტოლოგმა ეს განცხადება სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების ვადებზე საუბრისას გააკეთა.
„გეოპოლიტიკაში რთულია იწინასწარმეტყველო რამდენი დრო დასჭირდება ამა თუ იმ პროცესის დასრულებას. სომხეთი ევრაზიის სივრცეს და ცივილიზაციას ეკუთვნის. ეს კავკასიის, ქრისტიანული ქვეყანაა, მას ტრადიციულად ევრაზიის გეოპოლიტიკურ რუკაზე საკუთარი ადგილი აქვს, ამიტომ სომხეთის ადგილი ევრაზიაშია. სომხეთს უბრალოდ სხვა ადგილი არ აქვს: სომხეთი ან ევრაზიული იქნება, ან ის საერთოდ არ იქნება“, – განაცხადა დუგინმა. ამასთან, დუგინმა აღნიშნა, რომ თვითონ სომხებში იმის სურვილი, რომ სომხეთი ევრაზიის ნაწილი იყოს, ჯერ არ გაღვიძებულა. ესეც აფერხებს და ანელებს ბევრ პროცესს.
ინტერვიუში დუგინმა ასევე სომხეთის და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. პოლიტოლოგის და სოციოლოგის აზრით, ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანას აქვს რუსეთთან დაახლოების და დაშორების სტადიები. თუმცა, დუგინის თქმით, ეს რუსეთის ბრალია, რადგან ის მკვეთრად არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციებს. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სომხეთის ნატოს სამიტში მონაწილეობა რუსეთის მიერ ნებადართული, თუ სომხეთმა თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, დუგინმა უპასუხა: “რუსეთს რომ გამოეცხადებინა, რა სურს სომხეთისგან, რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რა პირობები არსებობს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებისთვის, მაშინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული ნაბიჯი იყო. თუმცა რადგან წესები საბოლოოდ არ არის შეთანხმებული, მსგავსი პრობლემები იქნება“, – აღნიშნა დუგინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები