“დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება კვლავ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რათა ბიომრავალფეროვნება უკეთესად შევინარჩუნოთ” – 22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა
“დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება კვლავ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია , რათა ბიომრავალფეროვნება უკეთესად შევინარჩუნოთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამირგულაშვილმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც დღეს, 22 მაისს აღინიშნება.
“ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” მიერ იქნა დაფუძნებული იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნების მიმართ ცნობადობა გაიზარდოს, მისი დაცვა უკეთ მოხდეს. ამ დღეს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს, ჩვენც ვუერთდებით. სხვადასხვა უწყების მიერ სხვადასხვა ადგილას ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ დღესთან მიმართებით მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციის მხრიდან 2024 წლის მთავარი მიზანი და ე.წ. შეგონება; ეს გახლავთ ის, რომ საზოგადოება გეგმის ნაწილი იყოს. საუბარია გეგმაზე, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასთან მიმართებით ყველა ქვეყანას გააჩნია. ჩვენს ქვეყანასაც აქვს ვალდებულება, ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს. გასულ გეგმას უკვე ვადა გაუვიდა. სამინისტრო პარტნიორების მხარდაჭერით მუშაობს იმაზე, რომ ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიქმნას. ვიმედოვნებთ, რომ იქითა წლის ბოლოს საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას დავამტკიცებთ. მოქმედი მდგომარეობით რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი გვაქვს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნებას იცავს. ერთი არის კანონმდებლობა წითელ ნუსხასთან მიმართებით, წითელი ნუსხის სახეობები მთელს ქვეყანაში განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ. კანონი და შესაბამისი აქტები მთელ რიგ რეგულაციებს ადგენს, თუ როგორ უნდა მოხდეს მცენარეების, ცხოველების დაცვა. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით გამორჩეული ქვეყანა ვართ, მნიშვნელოვანი, საკვანძო სახეობები გაგვაჩნია როგორც საქართველოსთვის, ისე კავკასიისთვის, მსოფლიო მასშტაბით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია “საქართველოს კანონი ცხოველთა სამყაროს” შესახებ და ბევრი სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება. ჩვენს ქვეყანაში მთავარი ინსტრუმენტი მაინც ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში 200 ათას ჰექტარზე მეტით გაიზარდა. ამ წუთასაც ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პროცესი მიმდინარეობს. ნაწილი წელს შევიდა ძალაში, ნაწილი პარლამენტში განხილვების დონეზე მიდის. მაგალითად, გურიის ეროვნული პარკი იქმნება. ხდება თუშეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ტბათანას მიმართულებით ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაცული ტერიტორიები, ვინაიდან იქ უფრო ძლიერი სარეინჯერო სისტემა და მექანიზმები გაგვაჩნია. მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება კვლავ არის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, რათა ბიომრავალფეროვნება უკეთესად შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ამირგულაშვილმა.
მისივე თქმით, ბრაკონიერობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება და ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის მიერ განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში გაძლიერდა ინსპექტირება, პატრულირება როგორც შავ ზღვაზე, ისე მდინარეებზე, ტბებზე, ტყის ტერიტორიებზე, რაც ბრაკონიერობას, უკანონო ბუნებათსარგებლობას ეხება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები ჩაერთო, ისეთი როგორიცაა დრონები, ფოტოხაფანგები. საკმაოდ კარგ რეზულტატებს მივაღწიეთ. მოსახლეობაში ცნობადობა გაიზარდა და მეორე მხრივ, პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინსპექტირებები ძალიან აქტიურად გაგრძელდეს.
ბრაკონიერობა მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ერთი მხრივ, საუბარია ცნობიერების საკითხთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, უშუალოდ ჩადენილ დანაშაულზე. ბოლო პერიოდში კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენს შემთხვევაში დაცული ტერიტორიების გაფართოებამ და სწორმა მენეჯმენტმა სახეობების აღდგენის უკეთესი შედეგები მოგვცა, უკეთაა დაცული ბრაკონიერებისგანაც. იცით, რომ პარლამენტში განხვილვაზე დგას საქართველოს ახალი კანონი ბიომრავალფეროვნების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია სახეობათა აღდგენის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა და რომლის მიხედვითაც, როდესაც დამტკიცდება ( ველით რომ მომდევნო კვარტლის განმავლობაში უნდა იყოს დამტკიცებული ), საქართველო შეძლებს, უფრო პროაქტიურად გააგრძელოს იმ მნიშვნელოვანი სახეობების აღდგენა რაც არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ამირგულაშვილმა.