დავით ზალკალიანი გაეროს ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი მექსიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს კარლოს დე-იკასას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მექსიკურ მხარეს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერაში. აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და პაკისტანის ვიცე-მინისტრთან. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ასევე მონაწილეობას მიიღებს სირიის საკითხთან დაკავშირებით მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში, ეუთოს მინისტერიალსა და ბირთვული იარაღის აკრძალვის თაობაზე გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაში.