ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, გაერო-ს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე – „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე“ სიტყვით გამოვიდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ძირითადი აქცენტი იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე გააკეთა. პრემიერის განცხადებით, კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები ვერ კმაყოფილდება.
„მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სტრატეგია, სოლიდარობის ფონდი და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაასახელა.
„საქართველომ განახორციელა რამდენიმე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ინიციატივა ადამიანის უფლებათა სფეროს მოსაწესრიგებლად, 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის, 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ჩათვლით. ამ მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, ჩვენ არ გვავიწყდება გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ხალხის ცხოვრების დონე, უზრუნველყოფილ იქნას თანასწორობა და სამართლიანობა, დაცული იყოს გარემო მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები