საკრებულოში უწყებათაშორისი კომისიის შექმნის ინიციატივა განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო და იურიდიულმა კომისიებმა ერთობლივი სხდომა გამართეს. დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, პირველ საკითხად, განიხილეს ქ. თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივა, რომლის საფუძველეც უწყებათაშორისი კომისიის შექმნა იგეგმება, რომელშიც შევლენ სხვადასხვა სამინისტროებისა და ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, აგრეთვე დედაქალაქის საკრებულოს სამი წევრი.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, კომისიის მიზანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ქ. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მართლზომიერების და მიზანშეწონილობის შესწავლა, ასევე იმ ვალდებულებების შესრულების საკითხები, რომლებიც დედაქალაქის მერიამ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების თუ განკარგვის შედეგად იკისრა.
მათივე ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის მართებულობას კენჭი დღეს ეყარა და უმრავლესობის დეპუტატების სრული მხრადაჭერა მოიპოვა. ეს საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს ხვალინდელ სხოდმაზე გავა. დეპუტატ ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისელებში ამ საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვა არსებობდა და ამ კომისიის შექმნა, თბილისელების კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. საკრებულოს ინფორმაციით, ამავე სხდომაზე კენჭი ეყარა რამდენიმე საკითხს, კერძოდ, ქ. თბილისის დებულების დამტკიცების შესახებ 2006 წლის 12 ოქტომბრის N#1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების და ამავე სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები