როგოზინი: რუსეთი „მისტრალის“ გარეშეც თავს გაართმევს

რუსეთი ფრანგული „მისტრალის“ გარეშეც თავს გაართმევს, რადგან ქვეყანას თვითონ აქვს მსგავსი გემის აწყობის საშუალება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.
„მისტრალი“ – სადესანტო გემია. ჩვენ ამ კონტრაქტის გარეშეც თავს გავართმევთ, რადგან ახლა ასეთი გემების აწყობის საშუალება გვაქვს“, – აღნიშნა როგოზინმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „მისტრალის“ მესამედი რუსეთშია აწყობილი, ამიტომ გემის სხვისთვის გადაცემა არ გამოვა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემა შეაჩერა. ამის მიზეზი, საფრანგეთის ლიდერის თქმით, – უკრაინაში კრიზისი იყო, რომლის გაღვივებაში კრემლს ადანაშაულებენ. დიმიტრი როგოზინის განცხადებით, რუსეთმა უკვე გადაიხადა „მისტრალის“ საფასური, ამიტომ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, საფრანგეთს დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები