ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი მეუღლესთან ერთად, ნიუ-იორკში უკვე გაემგზავრა. 22 სექტემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე – „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე”, ასევე დაესწრება თურქეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას.
ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ასევე მიწვეულია პრეზიდენტ კლინტონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებაზე.
23 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდება ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ასევე სიტყვით გამოვა კლიმატის სამიტზე, დაესწრება კლინტონის გლობალური ინიციატივის პლენარულ სესიას – Cities as Labs of Innovation/ Remarks by President Obama “Stand with Civil Society Agenda” და MoMa-ს მუზეუმში ქართული ფილმების პირველ რეტროსპექტიულ ჩვენებას გახსნის. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას მიღებაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილე დელეგაციების მეთაურებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად იმართება.
24 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გახსნასთან დაკავშირებით გენერალური მდივნის მიერ გამართულ მიღებას და სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრება. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებული მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე -,,Invest in Georgia” და კონფერენციაზე – „ღია მმართველობის პარტნიორობა”.
დღის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეულია ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის სახელით და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანის მიერ გაეროს გენერალური მდივნის პატივსაცემად გამართულ მიღებებზე.
25 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში გვირგვინით შეამკობს 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთა მემორიალს.
დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც საუდ ალ ფაიზალთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასსან რუანისთან, კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან, კომპანია AECOM-ის წარმომადგენლებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სახელით გაიმართება.