„დევნილი მეშვიდე ქუჩაზე“
დიდების მწვერვალებიდან მიხეილ სააკაშვილის მყისიერი დაცემა გაფრთხილებაა ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისათვის
გავლენიანი გამოცემა „ნიუ-იორკ“ თაიმსი საქართველოს ექს-პრეზიდენტის შესახებ წერს, რომ აშშ-ში მყოფი სააკაშვილი გაურკვეველი წარმომავლობის სიმდიდრით ცნობილ რაიონში, სადაც დღეს ფუფუნებაში ატარებს დროს
„გასული წლის ნოემბერში თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯორჯ ბუშის ფავორიტმა, რომლის კონფრონტაციამ ვლადიმერ პუტინთან გამოიწვია 2008 წლის დამანგრეველი ომი, მოახდინა თავისი ბიძის ბინის ოკუპაცია ერთ-ერთ კოშკში უილიამსბურგის სანაპიროზე, გაურკვეველი წარმომავლობის სიმდიდრით ცნობილ რაიონში, სადაც დღეს ფუფუნებაში ატარებს დროს. კაფეებში გატარებული საათების, ხიდზე ველოსიპედით გადასვლისა და სასტუმროს Wythe სახურავზე გამართულ მამაკაცთა წვეულებებში მონაწილეობის შემდეგ დარჩენილ დროს სააკაშვილი ენთუზიაზმით უთმობს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ბატონი პუტინის რისხვასთან დაკავშირებულ თავის გამოცდილებას, როგორც პოლიტიკაში ადგილის დაბრუნების საშუალებას“, – აღნიშნავს გამოცემა.
სტატიაში სათაურით „დევნილი მეშვიდე ქუჩაზე“ ნათქვამია, რომ ბატონი სააკაშვილი იმყოფება ნებაყოფლობით დევნილობაში მეშვიდე ქუჩაზე და გეგმავს ტრიუმფალურ დაბრუნებას მიუხედავად იმისა, რომ დიდების მწვერვალებიდან მისი მყისიერი დაცემა გაფრთხილებაა ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისათვის, რომლებსაც ჰქონდათ იმედი, რომ ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის სამაგალითო ექსპორტიორად იქცეოდა.
„ამასთან, ბატონი სააკაშვილი, რომელიც ბევრად უფრო ჩასუქებეულია, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამტკიცებს, რომ ამ კონფლიქტის კვალდაკვალ უნდა მოხდეს მისი, როგორც შეუპოვარი ლიდერის, რეპუტაციის გადაფასება, რომლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუცია“ და რეფორმებისადმი ერთგულება მოექცა ოპონენტების სასტიკი დევნის და კანონის უზენაესობის გაუკუღმართების წლების, ასევე ბატონი პუტინის ომისაკენ პროვოცირების ჩრდილში, რამაც შედეგად მოიტანა საქართველოს ათასობით მოქალაქის სიკვდილი, დევნილობა და გაღატაკება. „ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ“, – აცხადებს ის“,- წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“.
გამოცემა აღნიშნავს,რომ სააკაშვილის თქმით, ბრუკლინში ის „ნორმალურ ცხოვრებას“ ეწევა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში ის გრანდიოზული ფიგურაა. ალბანეთში უკანასკნელი ვიზიტის დროს „ჩვენთვის და ჩვენი ესკორტის 20 მანქანისთვის გზები გადაკეტეს“,- განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.
„ბატონი სააკაშვილის პირადი რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას ართულებს მისი პოპულარობის დაცემა შინ, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები. სააკაშვილი ქედმაღლურად უგულებელყოფს პროკურორებს, როგორც მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებულ ფინიებს. ბატონი სააკაშვილის ზოგი კრიტიკოსი აღიარებს, რომ ეს ბრალდებები მეტყველებს როგორც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ანგარიშსწორების დაუოკებელი სურვილის, ასევე თავად სააკაშვილის შესახებ“-აღნიშნავს გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ აგვისტოში პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი წაუყენა ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში, რომელიც მოხმარდა პირადი სტილისტის სასტუმროს, ორი მოდელის სასტუმროსა და მოგზაურობის, ბოტოქსს და ეპილაციის, იტალიაში იახტის დაქირავების და ლონდონელი მხატვრის მერედიტ ოსტრომის (რომელიც ტილოზე თავისი შიშველი სხეულის ანაბეჭდებით ქმნის ნახატებს) ნამუშევრების შესყიდვისა და სხვა ხარჯების დაფარვას. მას ასევე ედება ბრალად 2007 წელს პოლიტიკური საპროტესტო აქციის დარბევა.
ბატონ სააკაშვილს ასევე ედავებიან საჯარო სახსრების გამოყენებას 2009 წელს მისი მასაჟისტის, დოროტი სტაინის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. სააკაშვილის თანახმად, ქალბატონმა სტაინმა „მხოლოდ ერთხელ“ ჩაუტარა მას მასაჟის სეანსი, თუმცა თავად ქალბატონი სტაინი აცხადებს, რომ მას გადაუხადეს 2000 ევრო მასაჟის რამდენიმე სეანსში, საფირმო „კბენის მასაჟის“ ჩათვლით.
ნიუ-იორკ თაიმსი წერს, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სააკაშვილის 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2) საქართველოს ექს-პრეზიდენტს ტაფტის უნივერსიტეტმა თანამშრომლობაზე უარი უთხრა
„ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ტაფტის უნივერსიტეტში ლექტორობას აპირებდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს უნივერსიტეტმა მასთან ურთიერთობა დაასრულა.
„ბატონი სააკაშვილის თქმით, ის მოელოდა „უფროსი სახელმწიფო ფიგურის“ სტატუსით ტაფტის უნივერსიტეტში ლექტორობის გაგრძელებას, მაგრამ მაისში უნივერსიტეტმა განცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. სააკაშვილი ამბობს, რომ არ უცდია მუშაობის დაწყება მშობლიურ სასწავლებელში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, თუმცა, ერთ-ერთი პროფესორის თანახმად, სააკაშვილთან დაახლოებულმა პირებმა იურიდიულ სკოლაში მისთვის სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა მოსინჯეს “,-აღნიშნავს გამოცემა.
სტატიის მიხედვით, ლინკოლნ მიტჩელი, სააკაშვილის კრიტიკოსი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ იურიდიული სკოლის ლიდერები შეშფოთებულნი არიან: „საერთაშორისო ტრიბუნალს არ უნდა გაესამართლებინა?“ მიტჩელი ასევე ახსენებს „შეშფოთებას მისი ქცევის გამო“.