აშშ-ს მთავრობა ებოლას ვირუსთან ბრძოლისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს
აშშ-ს მთავრობა ებოლას ვირუსთან ბრძოლისთვის 1 მილიარდ დოლარის გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, კონტრ-ადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, ებოლას ვირუსის საწინააღმდეგოდ 500 მილიონ დოლარის გამოყოფის შესახებ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. „კიდევ 500 მილიონი ჩვენ მოვითხოვეთ“, – აღნიშნა კირბიმ.
გარდა ფინანსური დახმარებისა, აშშ აფრიკაში 3 000 სამხედროს გაგზავნას აპირებს. ისინი 17 საველე ჰოსპიტალს გახსნიან.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სამხედროების პირველი ჯგუფი ლიბერიაში უკვე ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ ებოლას ვირუსმა დასავლეთი აფრიკის ქვეყნებში წელს 2 600 ადამიანი შეიწირა.