მედვედევი: რუსეთში საქონლის შემოტანის აკრძალვის საკითხი არ გადაიხედება
რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის აკრძალვის საკითხი არ გადაიხედება. ამის შესახებ საინვესტიციო საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. საუბარია იმ საქონელზე, რომლის საფასური ბიზნესმენებს წინასწარ ჰქონდათ გადახდილი და რომელიც სანქციების ქვეშ მოჰყვა.
„ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. ეს კომპანიების დანაკარგებია, ეს ფორს-მაჟორია, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს. მორჩა, აქ საკითხი დახურულია, გთხოვთ, ამ საკითხს აღარ დავუბრუნდეთ!“, – განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის პრემიერის ასეთი მძაფრი რეაქცია კალინინგრადის ოლქის გუბერნატორის ნიკოლაი ცუკანოვის კითხვას მოჰყვა. ცუკანოვის თქმით, კალინინგრადში ბიზნესმენების დიდ რაოდენობას ემბარგოს ქვეშ მოყოლილი პროდუქციის საფასური საკრედიტო სახსრებით წინასწარ ჰქონდა გადახდილი. გუბერნატორის ინფორმაციით, საუბარია 40-70 მილიონ დოლარზე.