მაია ფანჯიკიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. სხდომა ერაყში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით მოიწვიეს.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა როგორც გლობალური, ისე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს მზაობაზე საკუთარი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მაია ფანჯიკიძემ საქართველოს მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოუხატა ერაყის ახალ მთავრობას მის მისწრაფებაში უზრუნველყოს ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი, უსაფრთხოება და სტაბილურობა ერაყში. მან ასევე გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ერაყის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.
“ისეთი ტერორისტული გაერთიანებები, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო, წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და დანარჩენი სამყაროსთვის”, -აღნიშნა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველომ, როგორც სანდო პარტნიორმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერაყში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ახლა კი ამ პროცესს განაგრძობს ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
“ჩვენი ვალდებულება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში არის მტკიცე და ურყევი. საქართველო მხარს უჭერს კოალიციის ძალისხმევას დაამარცხოს ისლამური რესპიბლიკა და უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მათ, ვინც ტერორისტული დაჯგუფების არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია”, -განაცხადა ფანჯიკიძემ.
ამასთა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ასევე შეუძლია საბრძოლო მისიებში მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზიაროს უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.
“ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან უახლოესი კვირეების განმალობაში, იმისათვის რომ განისაზღვროს თუ რა სახის დახმარება შეუძლია გასწიოს საქართველომ”, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის დასრულების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა მაია ფანჯიკიძეს და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების საკითხი. სხდომას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უძღვებოდა. მან მადლობა გადაუხადა უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილე ქვეყნებს, მათ შორის იმ სახელმწიფოებს, ვინც მიიღეს შეერთებული შტატების მოწვევა და მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ ტერორიზმის დამარცხების საქმეში.”თქვენი აქ ყოფნა მიუთითებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა მზად არის დაეხმარება აღმოუჩინოს ერაყს და წინააღმდეგობა გაუწიოს ისლამური სახელმწიფოდან მომავალ საფრთხეს”, – განაცხადა ჯონ კერიმ. მისი თქმით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჭიროა გლობალური, მიზანმიმართული კამპანია, რათა ამ ორგანიზაციამ ვერ ჰპოვოს თავშესაფარი ვერსად. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც ერაყში შექმნილი ვითარება განიხილებოდა, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძე სხდომაზე დასაწრებად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მიიწვია.