გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის მიზეზს ასახელებს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან დაინახა იმის ტენდენცია, რომ ქვეყნის პირველი პირი ყოფილიყო ადგილმიჩენილი. სწორედ ამით ახსნა პრეზიდენტმა მისი მთავრობის ადმინისტრაციიდან ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის მიზეზი.
“ჩემი ავლაბარში გადასვლა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ კანცელარიაში სამუშაო პირობები არ მქონდა. ამასთან ერთად იყო პოლიტიკური ნაბიჯიც, იმიტომ, რომ მე იმ მომენტში უკვე დავინახე ტენდენცია იმისა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადგილმიჩენილი. ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტს ჰქონდეს არა ხალხის და კონსტიტუციის მიერ მინიჭებული სტატუსი, არამედ გარკვეულწილად, ადგილმითითებული იყოს. შესაბამისად, მე გადავდგი ეს ნაბიჯი”, – განაცხადა პრეზიდენტმა “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში”.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის მადლიერია გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებულება ხალხის წინაშე აქვს. “ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი იყო იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც აქვს მანდატი ხალხისგან და ვალდებულება ხალხთან – ძალიან დიდი მადლიერება გუნდის მიმართ, ძალიან დიდი მადლიერება პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ვალდებულება ხალხთან. ამის შემდეგ დაიწყო ეს სირთულეები. მე მგონია, რომ ეს სირთულეები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ ეს იქნება ზიანის მომტანი ყველასთვის”, – აღნიშნა მარველაშვილმა.