აპირებდა თუ არა თებერვალში თანამდებობიდან გადადგომას გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თებერვალში თანამდებობიდან მისი გადადგომის საკითხი განიხილებოდა. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
“არც ვადასტურებ, არც ვუარვყოფ. იყო მსჯელობები იმაზე, რომ ჩემი პრინციპულობა არის მიუღებელი, დეტალებში არ შევდივარ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ ის ვადაზე ადრე გადადგეს, მარგველაშვილის თქმით, ეს სწორად არ მიაჩნია.
“არანაირად არ მიმაჩნია, რომ ეს იქნება სწორი. მე შემიძლია გითხრათ შემდეგი – თუ საქართველოს პრეზიდენტი ამ დაპირისპირების ან დაძაბულობის გამო ზურგს შეაქცევს თავის მანდატს, ეს უნდა იყოს გამოწვეული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მე რომ ვგრძნობდე რომ მართლა პრობლემა ვარ ქვეყნის განვითარებისთვის, სირთულეს ვუქმნი საქართველოს წინ მიმავალ გზაზე, ბუნებრივია, კომფორტული ამ პოზიციაში ნამდვილად არაფერი არ არის – ძალიან დიდი პატივია, მაგრამ კომფორტული არ არის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.