სააკაშვილის პირველი კომენტარი: წყალსაც წაუღია ეს ქონება
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების ფაქტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც სააკაშვილმა “რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალში მითითებული ქონების ოდენობა, რომელიც საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სააკაშვილის და მისი ოჯახის კუთვნილებაა, გაზვიადებულია.
„მთელი საღამოა ატრიალებენ -“სააკაშვილის ქონება, „სააკაშვილის ნაკვეთები“, “სააკაშვილის მანქანები“, მე მინდა თითოეულმა ადამიანი, ვინც გვიყურებს, დაფიქრდეს რა ქონებაზეა საუბარი. ეს არის ყვარლის სახლი და რამდენიც არ უნდა მოყვეს ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ, რომ იქ არის ცხრა თუ ათი ნაკვეთი, საბოლოო ჯამში ეს არის ორი ჰექტარის ფართობის მიწა, ეს არის საცხოვრებელი სახლი, რომელიც არის 75 კვადრატული მეტრი, პლიუს იქ სარდაფი, მარანი და დამხმარე ნაგებობები.
ამასთან, ეს არის ის სახლი კი არა, სადაც პრეზიდენტობის შემდეგ გადავედი, არამედ ეს არის სანდრას ბინა, რომელიც მამამისმა უყიდა 90-იან წლებში და სადაც პრეზიდენტობა დავიწყე იმავე ბინაში დავბრუნდით ეს არის ბარნოვის ქუჩაზე, ეს არის ბებიაჩემის მშენებარე ბინა, რომელიც შენდება 10 წელია და ვერ დაამთავრა. ამდენი ფული რომ მქონოდა მეყიდა ერთი ბინა ბებიაჩემისთვის რა პრობლემა იქნებოდა და ეს არის რაღაც დედაჩემის ძველი მანქანები. წყალსაც წაუღია ეს ქონება, თუმცა პრაქტიკულად ყოველდღიურად შესაძლებელია სანდრა და ნიკუშა გამოაგდონ სანდრას მამის სახლიდან, მათი იქ გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. ექსპრეზიდენტის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის – მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი “ტოიოტა რავ” 4; ასევე – გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის – სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის “ჰონდა აკორდი”. მიხეილ სააკაშვილის ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადებას ექსპრეზიდენტის ადვოკატები, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.