კოსოვომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ენვერ ხოჯაიმ განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებისთვის და აშშ-სთვის, რომლებმაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, სოლიდარობის გამომხატველი ნიშანია. „ჩვენ საერთაშორისო წესრიგს, უკრაინის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მხარი უნდა დავუჭიროთ. ამით, კოსოვო იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ევროატლანტიკური პარტნიორებისთვის საიმედო მოკავშირეა“, – განაცხადა ენვერ ხოჯაიმ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა, სანქციები რა სფეროებში იქნება დაწესებული.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს და სერბიის ნაწილად მიიჩნევს.