„კოალიციაში შემავალ ძალებს ერთმანეთი არ უყვართ, მათ უსუსურობა აერთიანებთ“

„პოლიტიკური სიტუაცია ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ნიშნით მიდის. ჯერჯერობით არ გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის გადაბარება შეუძლია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში. მისი თქმით, დღეს საქართველოში არ არსებობს ცალკე აღებული ერთი პოლიტიკური ძალა, ერთი პარტია, რომელსაც ეყოფა უნარი, ქვეყანაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და გარკვეული თამაში დაიწყოს.
„პოლიტიკური სიტუაცია ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ნიშნით მიდის. ჩვენ დღეს ქვეყანაში არ გვყავს არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლების გადაბარების უნარი და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებობა გააჩნია. დღესაც კი, მთელი პოლიტიკური ცხოვრება, დამსახურებულად, ერთი კაცის ნიშნით მიდის, რადგან სწორედ მისი პირადი დამსახურებაა, რომ დღეს ეს მთავრობა, ეს პარლამენტი და ეს პრეზიდენტი გვყავს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი საპარლამენტო გადატრიალებას, უმრავლესობის დაშლას და გარკვეულ პოლიტიკურ თამაშს გამორიცხავს. მისი თქმით: „ვინმემ მსგავსი თამაში რომ დაიწყოს, ეს ხარაკირის ტოლფასი იქნება. კოალიციაში, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთი არ უყვართ, მათ ერთი რამ აერთიანებთ – საკუთარი უსუსურობა და „ძალა ერთობაშია“-ს პრინციპი“. ხუხაშვილმა გიორგი მარგველაშვილის მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან გარიგებასა და პარტიის შესაძლო შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არანაირი პოლიტიკური გაერთაინების შექმნას არ გეგმავს.
„წმინდა წყლის შავი პიარია, რომ თითქოს გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. მე მას კარგად ვიცნობ. ის ჩემი ისეთივე მეგობარია, როგორც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენ ერთად ძალიან რთული გზა გავიარეთ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მარგველაშვილი პოლიტიკურ თამაშში შესვლას არ აპირებს და არც პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები