ალექსი პეტრიაშვილი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ კანონპროექტს აფასებს
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებს. მინისტრის შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.
„პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც თავის ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან, ახალ საფეხურზე აიყვანს თავის თანამშრომლობას ყველა ძირითადი მიმართულებით, ეს ეხება უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე სხვა სფეროებსაც, როგორიც არის მედიაკომუნიკაცია, ეკონომიკა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ერთსულოვნად მიიღო კანონპროექტი, რომელიც ნატოს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარებს.