„გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის საბოტირება ხდებოდა “
„აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეული ნაწილი პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემს, არასახელმწიფოებრივად იქცევა და არღვევს კონსტიტუციას“- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა დღეს „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი დღეს მოქმედ კონსტიტუციას უკვეთავდა, მისი ჩანაფიქრი იყო, პრეზიდენტობის შემდგომ პრემიერი გამხდარიყო და ხელისუფლება პრემიერ მინისტრის რანგშიც ერთპიროვნულად ემართა. მან ისეთი კონსტიტუცია შეუკვეთა, სადაც ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდებოდა. დღევანდელი სურათი კი შემდეგია – გიორგი მარგველაშვილი ებრძვის მიშას მახინჯი გეგმის განხორციელებას, მთავრობა კი მოწადინებულია, რომ ხელისუფლების უზურპირების მიშასეული გეგმა განხორციელდეს“ – განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტმა საგარეო საქმეთა სამინისტროც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ უწყების მხრიდან საბოტაჟის ნიშნები გამოიკვეთა: „ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაეროში საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის საბოტირება ხდებოდა. მაშინ, როცა პრეზიდენტის აპარატს გაცემული ჰქონდა დავალება საგარეო უწყების მიმართ მისი ვიზიტის მომზადებასთან დაკავშირებით, სამინისტრომ ეს გაეროში ჩვენს წარმომადგენლამდეც კი არ მიიტანა. ასეთი ქმედებით აკნინებენ არა პრეზიდენტს, არამედ საკუთარ თავს. აუცილებელია, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის სამუშაო ჯგუფის დონეზე მოხდეს შეთანხმება და ეს ურთიერთობები შიგნით დარეგულირდეს“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.