„კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს ნებართვით უნდა გაიცეს“
კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებით, საბანკო დაწესებულებებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები მახინჯი პრაქტიკის მიზეზი არ უნდა გახდეს. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებებს „საგადასახადო კოდექსში“, „კომერციული ბანკების შესახებ კანონში“ და „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე შესულია.
„დღეს გლობალური რისკები იმდენად მაღალია, სტანდარტები მთელ მსოფლიოში იცვლება. მთავარია, რომ პროცედურა იყოს დაცული და კანონის ყველა მოთხოვნა ისე შესრულდეს, როგორც ამას კანონი ამბობს. ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ კანონდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად კონფიდენციალური ინფორმაცია ჩინოვნიკის ტელეფონის ზარების საფუძველზე გაიცემოდეს. სწორედ კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის წესიც“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.~
ექსპერტი მიიჩნევს, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის მხრივ, ერთ-ერთი მთავარი სასამართლოს დადგენილება უნდა იყოს:
„პროცედურაში სასამართლო აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს, სწორედ მისი დადგენილების საფუძველზე უნდა ხდებოდეს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა. თუ ჩვენ ასეთი ინფორმაციის გაცემას აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილზე დავტოვებთ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ საფრთხეებს შეიცვას. სამწუხაროა, რომ დღეს სასამართლო სისტემაც სუსტია და ხშირ შემთხვევაში, სასამართლო მსგავს პროცესებში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობს“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.