პოროშენკო: ჩემი შვილი მოხალისედ მსახურობს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ მისი შვილი ალექსეი პოროშენკო მოხალისედ უკრაინაში კონფლიქტის ზონაში საარტილერიო ჯარების შემადგენლობაში მსახურობს. პრეზიდენტის თქმით, ქვედანაყოფი, რომელშიც მისი შვილია, ბრძოლებში მონაწილეობს და მას დანაკარგიც აქვს.
„ჩვენ, უკრაინელები, მზად ვართ, საფრთხეს შევეჭიდოთ და ვიბრძოლოთ. ეს უბრალოდ სიტყვები არაა. ჩემი შვილი იქ იმყოფება. ის მოხალისედ წავიდა“, – განაცხადა პოროშენკომ ტელეკომპანია „სი – ენ – ენის“ ეთერში. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ვაჟი ლონდონის ეკონომიკის სკოლას, ფრანგულ ბიზნესსკოლას, ოქსფორდს ამთავრებს, ახლა კი საკუთარი ნებით ჯარში წავიდა.
ალექსეი პოროშენკო საარტილერიო ქვედანაყოფშია. პოროშენკოს ინფორმაციით, ბოლო 3 კვირის მანძილზე ამ ქვედანაყოფის 4 სამხედრო იყო დაჭრილი. „ეს უძლიერესი სიგნალია, რომელიც იმაზე მეტყველებს, რას ნიშნავს ეს არა მარტო პრეზიდენტისთვის, მოქალაქისთვის, არამედ მამისთვის. გასაგებია, როგორი მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარება“, – აღნიშნა პოროშენკომ.