ზურაბ აბაშიძე აშშ-ის სენატში მიღებული რეზოლუციის გამო მოსკოვის გაღიზიანებას არ ელოდება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე ამერიკის სენატში გუშინ მიღებული რეზოლუციის გამო მოსკოვის გაღიზიანებას არ ელოდება. აბაშიძის შეფასებით, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, საქართველო ყველანაირად ცდილობს, ევროპული პოლიტიკა ისე წარმართოს, რომ რუსეთის მხრიდან არანაირი განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ შეგვხვდეს.
“ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მასთან უაღრესად კონსტრუქციული, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ეს საკითხი კარგა ხანია დღის წესრიგში დგას. მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით”, – განაცხადა აბაშიძემ. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აშშ-ის ნომერ პირველ პარტნიორად აღიარებს.