„უპრიანი იქნება, დავით ზალკალიანი საჯარო სამსახურიდან წავიდეს“
იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩეს თუ არა უწყებაში, თუმცა, იურისტის შეფასებით, უპრიანი იქნება, დიპლომატი საჯარო სამსახურიდან წავიდეს. აღნიშნული განცხადება ალაფიშვილმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბსი გააკეთა.
„მაშინ, როცა საგარეო უწყების პირველი პირი, საჯარო სივრცეში გამოსული კამათის წინა რიგებშია, მისი პირველი მოადგილის სახელმწიფო მეთაურთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები სწორი არ იყო. ამ განცხადების შემდეგ, უპრიანი იქნება, ზალკალიანმა საჯარო სამსახური დატოვოს“ – განაცხადა ალაფისვილმა და აღნიშნა, რომ დიპლომატიურ სამსახურში ამდაგვარი სიგნალები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის.
„ მესმის მინისტრის მოადგილის ემოციური ფონი, მაგრამ საჯარო სამსახურში პიროვნული დამოკიდებულება არ არის განმსაზღვრელი. მგონია, კარგი იქნებოდა, ამგვარი განცხადების კვალობაზე დავიტ ზალკანიანს თავად მიეღო გადაწყვეტილება საჯარო სამსახურიდან წასვლის შესახებ. მან თავისი განცხადებით თავი თვითონვე დააყენა საჯარო სამსახურს მიღმა. დასაფასებელია, რომ მან ბოდისი მოიხადა, მაგრამ მარტო ბოდიში საკმარისი არ არის “- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის პირველ მოადგილისთვის დავით ზალკალიანისთვის გაუგებარია, როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის იმ ფონზე, როცა უწყებებს შორის ნდობა დაიკარგა. “როდესაც ორ უწყებას – პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კომუნიკაცია საჯარო ხდება, ელემენტარული კოლეგიალობის ფორმები უნდა იყოს დაცული, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია “რუსთავი 2“-ს აძლევს მიმოწერას, ჩვენც შეგვეკითხოს აზრი ამასთან დაკავშირებით, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ურთიერთობა, როცა ნდობა დაიკარგა“, – განაცხადა ზალკალიანმა.