გამოკითხვის მიხედვით შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე მეტია
შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე მომხრეზე 6 % მეტია. ეს გამოკითხვის შედეგებია, რომელიც სამსახურმა „იფსოს მორიმ“ ჩაატარა. ჩატარებული კვლევის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის ერთიანობას ხმა 53 % ამომრჩეველმა, დამოუკიდებლობას კი 47 % ამომრჩეველმა მისცა. კვლევაში მონაწილეთა 4 %-ს გამოკვეთილი აზრი არ გააჩნია. ზუსტად 07:00 საათზე შოტლანდიაში 483 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების 97,2% დარეგისტრირდა. იმ შემთხვევაში, თუ შოტლანდიის მოსახლეობა სუვერენიტეტს მისცემს ხმას, შოტლანდია სამეფოს გამოეყოფა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2016 წლის 24 მარტს იქნება გამოცხადებული. შეგახსენებთ, რომ აგიტაცია, რომელიც 16 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, 31 მაისს დაიწყო. კამპანიამ „კი, შოტლანდია“ ამ რეგიონის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის მომხრეები გააერთიანა.