“ცხინვალში საბრძოლო ოპერაციებისთვის საჭირო რუსული ტექნიკაა მობილიზებული “
ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში ცხინვალში მიმდინარე წვრთნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცხინვალში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში რუსული ჯარების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობს და ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციებისთვის საჭირო რუსული სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.
ექსპერტის თქმით, მიუხედავად ამ ფაქტისა, უახლოეს მომავალში ცხინვალიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს არ უნდა ველოდოთ:
„ცხინვალში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, რაშიც რუსული ჯარების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობს. წვრთები და მანევრები წინა წლებშიც მიმდინარეობდა, მაგრამ ასეთი რაოდენობა არ ყოფილა. ვფლობ ინფორმაციას, რომ ძალიან სერიოზული სამხედრო ტექნიკაა წარმოდგენილი. საუბარია ისეთი ტიპის ტექნიკაზე, რომელსაც ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციებისთვის გამოიყენებ. თუმცა, უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გამოვრიცხავ.“
არეშიძის ინფორმაციით, ცხინვალში ისეთი მაღალი დონის საარტილერიო დანადგარებია მობილიზებული, როგორიცაა „ტოჩკა უ“ , „სმერშები“ და ასე შემდეგ.
„ეს არის ერთგვარი დემონსტრირება იმ შედეგის საპასუხოდ, რომელიც საქართველომ ნატოს სამიტზე მიიღო. უკრაინის მოვლენების და დანარჩენ მსოფლიოსთან დამოკიდებულების მიუხედავად, რუსეთი უკან დამხევი არ არის, თუმცა სანქციები, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, 2-3 წლის განმავლობაში რუსულ ეკონომიკას დააქცევს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.