აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესისადმი ბოლო მიმართვის დროს ქვეყნის სამხრეთის საზღვრის პრობლემაზე ისაუბრა, რაც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოების საგანს წარმოადგენს.
მისი თქმით, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მისმა ადმინისტრაციამ ორპარტიულ ჯგუფთან მოლაპარაკება დაიწყო, რომლის შედეგიც გახდა მიღებული ორპარტიული კანონპროექტი, “რომელიც მოიცავს მკაცრს რეფორმებს საზღვრის დაცვის სფეროში, რაც ოდესმე ჩატარებულა ჩვენს ქვეყანაში”.
„ეს ორპარტიული შეთანხმება ითვალისწინებს სასაზღვრო პატრულის კიდევ 1500 აგენტითა და ოფიცრით გაზრდას. კიდევ 100 საიმიგრაციო მოსამართლის დამატებას 2 მილიონი საქმის განსახილველად. კიდევ 4300 თავშესაფრის მაძიებელთა ოფიცრის დამატებას და ახალი პოლიტიკის შემოღებას, რომელიც ექვს თვეში იძლევა საქმეების გადაწყვეტის შესაძლებლობას და არა – ექვს წელიწადში, როგორც ადრე იყო; კიდევ 100 მაღალტექნოლოგიური ნარკოტიკების აღმოჩენის აპარატის დამატებას, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდეს ქვეყანაში ფენტანილის შეტანის პრევენცია”,- თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ პალატისა და სენატის წევრების უმრავლესობა დაუჭერდა მხარს ამ კანონპროექტს, “ასეთი შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ”.
„მითხრეს, რომ ჩემი წინამორბედი ურეკავდა რესპუბლიკელებს კონგრესში და სთხოვდა კანონპროექტის დაბლოკვას. მას მიაჩნია, რომ ეს პროექტი ჩემთვის პოლიტიკური გამარჯვება იქნება და მისთვის პოლიტიკური მარცხი. საქმე არც მასში და არც ჩემშია. ეს იქნება ამერიკის გამარჯვება. ჩემო მეგობარო-რესპუბლიკელებო, თქვენ ეს კანონპროექტი ამერიკელი ხალხისთვის უნდა მიიღოთ“, – მოუწოდა ბაიდენმა.