შვედეთი ოფიციალურად ნატოს 32-ე წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი ძალაში დღეიდან, 7 მარტიდან შევიდა.
„ეს არის ისტორიული მომენტი შვედეთისთვის, ჩვენი ალიანსისთვის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობისთვის. ალიანსი ახლა იმაზე უფრო ძლიერი და ფართოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მაისში შეიტანეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი გახდა.