ჩეხმა ფერმერებმა პრაღაში ტრაქტორებით მოძრაობა დაბლოკეს
ჩეხმა ფერმერებმა პრაღის ქუჩები ასობით ტრაქტორი და სხვა სატრანსპორტო საშუალება გაიყვანეს. ისინი სოფლის მეურნეობის მიმართ ევროკავშირისა და ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ.
ამის შესახებ AP წერს.
ფერმერების პროტესტის გამო, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დილის საათებში ქალაქში მოძრაობა შეაჩერა.
მთავრობის რეზიდენციასთან მიმავალი ქუჩა მთლიანად არის ბლოკირებული.
„ჩვენი მიზანი არ არის პრაღაში მოძრაობის პარალიზება, ჩვენი მიზანი სოფლის მეურნეობის პრობლემებზე საუბარია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
მან პრაღის მოსახლეობას პროტესტით შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა.
ჩეხი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის შემცირებას ითხოვენ და სურთ, რომ სუბსიდიები, რომლებსაც ევროკავშირისგან იღებენ, გადასახადებისგან თავისუფალი იყოს.
ფერმერები, ასევე, უჩივიან მათ პროდუქციაზე დაბალ ფასებს და ამბობენ, რომ უკრაინიდან მარცვლეული და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები ბაზარს აზიანებს.
ზოგიერთ ფერმერს ეჭირა პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვინდა თანაბარი პირობები” და “შეაჩერეთ ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ლიკვიდაცია”.