მამუკა არეშიძე: მარგველაშვილის ადგილზე ურთიერთობებს დავალაგებდი
„მე რომ მარგველაშვილის ადგილზე ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი რომ ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან ურთიერთობები კულუარულად დამელაგებინა “- ამის შესახებ განცხადება, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. არეშიძის განცხადებით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პრობლემები მაშინ გაჩნდა როდესაც მარგველაშვილსა და ყოფილ პრეზიდენტს შორის დაიწყო დაპირისპირება. ექსპერტის განცხადებით, უთანხმოების ორი ძირითადი მიზეზი არსებობდა, აქედან ერთი საოჯახო ხასიათის, მეორე კი პრეზიდენტის სასახლეში შესვლის თემა იყო. „დავა პოლიტიკური და კომუნიკაციური მიზეზებით არ იყო განპირობებული. არის ნაბიჯები, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა თავიდანვე არასწორად გადადგა – ერთი დაკავშირებული იყო ოჯახურ თემასთან, მეორე კი პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლა-არშესვლასთან. როცა მარგველაშვილმა თქვა, იქ ფეხს არ შევადგამ-ო და მერე შევიდა, ბუნებრიცვია, პრობლემები გაჩნდა და ურთიერთობები გაცივდა. შემდეგ კი პროცესმა გაღრმავება დაიწყო. დღეს კი სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ. პროცესი არ გაჩერდება, რომელიმემ უნდა დათმოს. მე რომ მარგველაშვილის ადგილზე ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი რომ კულუარულად ურთიერთობები დამელაგებინა“- განაცხადა მამუკა არეშიძემ.