გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის სენატის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის სენატის საქართველოსთან და კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალენ გურნაკმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, ასევე სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მარგველაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის ფრანგ სენატორებს მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და უკრაინაში შექმნილი კრიზისიც განიხილეს.
ალენ გურნაკმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა ცენტრალური აფრიკის მისიაში საქართველოს მონაწილეობისა და ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცისათვის.