ლევან ალაფიშვილი: უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ჩემთვის არავის შემოუთავაზებია

იურისტი ლევან ალაფიშვილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია, რადგან მის მიმართ მსგავსი შეთავაზება არ გაუკეთებიათ.
„საფუძველს მოკლებულია განცხადება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ ჩემი შესაძლო დანიშვნის შესახებ. პრეზიდენტთან, ჩემს კოლეგებთან ერთად ორჯერ მქონდა საჯარო შეხვედრა, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ, მაგრამ ეს არ იყო პირისპირ შეხვედრა და ამგვარი შემოთავაზებაც კი არ მქონია. მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახური, დიდი პასუხისმგებლობაცაა, მაგრამ, ამ ეტაპზე, არ ვაპირებ საჯარო სამსახურში გადასვლას. არასამთავრობო სექტორიდანაც ვახერხებ საზოგადოებისთვის სასარგებლო საკითხების კვლევას თუ გადაწყვეტილების შეთავაზებას. ძალიან კარგ და მნიშვნელოვან თემებზე ვმუშაობ, იქნება ის უსაფრთხოება თუ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა გაღრმავება“,- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
მისი განმარტებით, ხმების გავრცელება შესაძლოა, მისი მუშაობის სპეციფიკას უკავშირდებოდეს. ალაფიშვილის განმარტებით, 1993 წლიდან საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროზე მუშაობდა და ბევრი მოქმედი კანონის ავტორიცაა.
შეგახსენებთ, რომ ირინა იმერლიშვილის ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა გავრცელდა და ლევან ალაფიშვილი პრეზიდენტს ორჯერ შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები